არსებობენ სხვადასხვა ტიპის მკითხველები: ზოგი მხოლოდ კლასიკას აღიარებს, ზოგი - ბესტსელერებს უსაფრდება, სხვები კი - ახალი, საინტერესო წიგნის გამოსვლისთანავე გარბიან მაღაზიაში, რათა პირველებმა იყიდონ, წაიკითხონ და მეგობრებს შთაბეჭდილებები გაუზიარონ. ჩვენი ეს სტატია სწორედ ამ უკანასკნელთათვისაა.

1. თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

რეჟისორ თემურ ბაბლუანის სადებიუტო რომანის პრეზენტაცია 23 მარტს შედგა. "მზე, მთვარე და პურის ყანა" სათავგადასავლო წიგნია, რომელიც ერთდროულად ტრილერიცაა, რომანტიკული საკითხავიც და ავტობიოგრაფიაც. თემურ ბაბლუანი მოგვითხრობს საბჭოთა პერიოდზე და ადამიანთა ყოფაზე ამ რეჟიმის ქვეშ, კრიმინალურ სამყაროსა და ქურდულ წესებზე, თუმცა არ ივიწყებს ყველაზე მთავარსაც. ბოლოს და ბოლოს, "სიყვარულს ასე თუ ისე სიცხადე შეაქვს იმ გაუგებრობაში, თუ რატომ ებღაუჭებიან სიცოცხლეს გამწარებით ეს საცოდავი ადამიანები".

ფასი: 14.90 ლარი

2. ცაში გამოკიდებული სახლი - მედეა ზაალიშვილი

ფოტო: გამომცემლობა არტანუჯი

მედეა ზაალიშვილის თარგმანებს ქართველი მკითხველი კარგად იცნობს, თუმცა ეს პირველი წიგნია, რომელშიც შესანიშნავმა ლიტერატორმა ბოლოს და ბოლოს გაბედა და თავისი სახელი და გვარი შიდა გვერდებიდან გარეკანზე გადმოიტანა. დოკუმენტური პროზის ეს არაჩვეულებრივი ნიმუში იმ ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლებმაც მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურასა თუ მეცნიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს. ამიტომაც "ცაში გამოკიდებული სახლი" მხატვრული ღირებულების გარდა, წინა საუკუნის ისტორიული სურათების გაცოცხლების კუთხითაც მნიშვნელოვანია.

ფასი: 11.50 ლარი

3. პატარა ქვეყანა - ლაშა ბუღაძე

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ლაშა ბუღაძის ახალ რომანში მოთხრობილია მოვლენათა ჯაჭვი, რომელიც მისი მოთხრობის, "პირველი რუსის" გამოქვეყნებას მოჰყვა, თუმცა ისტორიის თხრობა გაცილებით ადრე, საბჭოთა კავშირის დანგრევიდან იწყება. ეს საინტერესო და მრავლისმთქმელი წიგნი ისე აღგვიწერს საქართველოს უახლეს წარსულს, რომ ყველაზე აბსურდული მოვლენებიც კი ლოგიკური ხდება: საბჭოთა კავშირის ბოლო წლები, ბნელი და ცივი 90-იანები, ვარდების რევოლუცია და ახალფეხადგმული საქართველო - ეს ის ფონია, რომელიც შესაბამის განწყობას ქმნის ამ უაღრესად პირადი და ამავე დროს, ყველასთვის მნიშვნელოვანი ამბის წასაკითხად.

ფასი: 15.90 ლარი

4. რემონ კენო - ზაზი მეტროში

რემონ კენო ე.წ. თავხედი ავტორია. მას კარგად ესმის ყველა ის დაუწერელი კანონი, რომლითაც დიდმა მწერალმა უნდა იხელმძღვანელოს, მაგრამ განგებ ამბობს უარს მათზე. "ზაზი მეტროში" ლიტერატურული ექსპერიმენტია, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ფაბულისა თუ დიალოგის აგების წესებს თამაშ-თამაშიით არღვევს. მთავარი გმირი პატარა გოგონაა, რომელსაც პარიზში ღირსშესანიშნაობების ნახვის ნაცვლად, უბრალოდ, მეტროში ჩასვლა და სეირნობა უნდა. წიგნის მიხედვით 1960 წელს ლუი მალმა არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღო."ზაზი მეტროში" საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა გამოსცა.

5. ჟოზე სარამაგუ - კაენი

ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

სარამაგუს ბოლო რომანი ძველი აღქმის ცნობილ ამბავზე, კაენის მიერ აბელის მოკვლასა და ღმერთსა და კაენს შორის დადებულ საკამათო გარიგებაზე გვიყვება. ირონიითა და სარკაზმით გამსჭვალულ ამ წიგნში პორტუგალიელი მწერალი, ერთი მხრივ, ბიბლიის ღრმა ცოდნას, მეორე მხრივ კი, კრიტიკულ აზროვნებას ამჟღავნებს. ძმის მოკვლის შემდეგ, კაენი უმისამართოდ დაეხეტება და საკუთარი თავისა თუ დანიშნულების პოვნას ცდილობს. არის კი ღმერთი მოწყალე და ბრძენი, თუ უბრალოდ მანიპულატორია, რომელიც საკუთარი ძალაუფლებით ტკბება? ჟოზე სარამაგუ იმ კითხვებს სვამს, რომლებიც ერთხელ მაინც გაგვივლია გულში.

ფასი: 10.90 ლარი

ამ წიგნების აღმოჩენა ძალიან გაგვიჭირდებოდა, რომ არა შაბათის "სხვა შუადღის" წამყვანები და უბრალოდ, ცნობისმოყვარე მკითხველები: ლაშა ბუღაძე, ქეთი დევდარიანი, დათო ტურაშვილი და ნენე კვინიკაძე.

თუ ამ წიგნებზე მეტის გაგება გსურთ, აუცილებლად უყურეთ გადაცემას: