აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განმარტებით, სოხუმში 5 ივლისს ადგილობრივი შინაგან საქმეთა სამინისტროს შტურმის აღების მიზნით გამართულ აქციასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. აღნიშნულის შესახებ რადიო თავისუფლება რია ნოვოსტიზე დაყრდნობით იუწყება.

ხაჯიმბას განმარტებით, აქციის ორგანიზატორები პასუხს სისხლის სამართლის დანაშაულისთვის აგებენ. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს:

"ყველა ზომა მიღებულია, როგორც ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების, ისე ყველა იმ პირის მიერ, რომლებსაც აფხაზეთში მშვიდობა სურს და არ უნდა, მსგავსი მოვლენები განმეორდეს".

5 ივლისს სოხუმში მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეების მთავარ მოთხოვნას დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბას თანამდებობიდან გადაყენება და საპრეზიდენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანა წარმოადგენდა. აღნიშული მოთხოვნებით აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ.

როგორც ადგილობრივმა მთავარმა პროკურორმა, ალექსეი ლომიამ განაცხადა, სამინისტროს შენობის შტურმის აღების მცდელობისას, რომელშიც მიტინგის 700 მონაწილიდან 60-მდე იღებდა მონაწილეობას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც გამოიყენეს. საბოლოოდ, მომხდარის შედეგად, სამინისტროს 19-მა თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რომელთაგან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რაც შეეხება ხაჯიმბას გადაწყვეტილებას, მან ძაპშბა მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დასრულებამდე თანამდებობიდან გადააყენა, ხოლო რეფერენდუმი, რომლის ჩატარებასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ, გუშინ მაინც გაიმართა, თუმცა ვერ შედგა, რადგან მასზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მხოლოდ 0,5 პროცენტი გამოცხადდა.