ფეისბუქის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი კომპანია კებრიჯ ანალიტიკის სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ის გადადგმულ ნაბიჯებსა და პრობლემის აღმოფხვრის სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

"ჩვენ გვაკისრია თქვენი პირადი მონაცემების დაცვის პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, მაშინ არ ვართ ღირსი, რომ გემსახუროთ. მინდოდა, ზუსტად დამედგინა, რა მოხდა და დავრწმუნებულიყავი, რომ საფრთხე ჩავლილია. კარგი ამბავი ისაა, რომ წლების წინ მივიღეთ ზომები იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ განმეორებულიყო, თუმცა დავუშვით შეცდომებიც და კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი"

ცუკერბერგი ამბობს, რომ 2007 წელს, ფეისბუქის გაშვებისას, დამფუძნებლები იაზრებდნენ, რომ პლატფორმა სოციალური იქნებოდა. კერძოდ, კალენდარს უნდა ეჩვენებინა მეგობრების დაბადების დღეები, რუკას - მათი საცხოვრებელი ადგილები, და ასე შემდეგ. მისი თქმით, სწორედ ამიტომ მიეცათ მომხმარებლებს საშუალება, Facebook-ისთვის საკუთარი მეგობრების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ცუკერბერგი ქრონოლოგიურად მიუყვება მოვლენებს:

"2013 წელს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა, ალექსანდრ კოგანმა შექმნა ქვიზი, რომელიც 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა. მომხმარებლებმა ქვიზს უფლება მისცეს, მათი მეგობრების შესახებაც შეეგროვებინა მონაცემები. იმის გათვალისწინებით, როგორ მუშაობდა მაშინ ჩვენი პლატფორმა, კოგანმა ათობით მილიონი ადამიანის პერსონალური ინფორმაცია მოიპოვა.

2014 წელს ჩვენ პოლიტიკა გავამკაცრეთ და გამოვაცხადეთ, რომ მკაცრად გავაკონტროლებდით რა მონაცემებზე ექნებოდათ წვდომა აპლიკაციებს. აპლიკაციები ვეღარ გამოითხოვდნენ ინფორმაციას მომხმარებლის მეგობრების შესახებ, თუკი მეგობრები თავად არ დაეთანხმებოდნენ ამ პირობებს. დღესდღეობით კოგანის ქვიზი ეფექტურად ვეღარ იმუშავებდა",

ცუკერბერგის თქმით, მან 2015 წელს გარდიანის ჟურნალისტებისგან შეიტყო, რომ კემბრიჯ ანალიტიკა მომხმარებელთა მონაცემებს ამუშავებდა და ოფიციალურად მოსთხოვა კომპანიას ინფორმაციის წაშლა. კემბრიჯ ანალიტიკამ წაშლის დამადასტურებელი დოკუმენტები წარადგინა. ბიზნესმენი ირწმუნება, რომ მას მხოლოდ გასულ კვირას აცნობეს, რომ შესაძლოა კემბრიჯ ანალიტიკამ იცრუა.

კომპანიას მაშინვე აეკრძალა Facebook სერვისებით სარგებლობა, თუმცა ამით პრობლემა არ მოგვარებულა.

სამ მხარეს შორის (კოგანი, კემბრიჯ ანალიტიკა და ფეისბუქი) მწვავე დაპირისპირება წარმოიშვა. ამ დავამ კი არა მხოლოდ ჩართულ მხარეებს შორის გააფუჭა ურთიერთობა, არამედ ფეისბუქსა და მის მომხმარებლებს შორისაც.

"ადამიანებს მოლოდინი აქვთ, რომ ჩვენ მათ მონაცემებს დავიცავთ. ეს პრობლემა აუცილებლად უნდა გამოსწორდეს", - ამბობს Facebook-ის დამფუძნებელი.

განცხადებაში აღნიშნულია ის ნაბიჯებიც, რომელთა გადადგმასაც პლატფორმა უახლოეს მომავალში აპირებს.

  • პირველ რიგში, გადამოწმდება ყველა აპლიკაცია, რომელსაც დიდი რაოდენობით ინფორმაციასთან აქვს საქმე და ყველა ასეთი აპლიკაცია აუდიტს გაივლის. ფეისბუქს შეეძლება, ბანი დაადოს ნებისმიერ დეველოპერს, რომელიც პლატფორმას აუდიტის ჩატარების საშუალებას არ მისცემს. წესების დამრღვევ დეველოპერებს საქმიანობა აეკრძალებათ, მათი აპლიკაციებით "დაზარალებულ" მომხმარებელს კი შეტყობინება მიუვათ. ეს ეხება იმ ადამიანებსაც, რომლებიც კოგანის არაკეთილსინდისიერი ჩანაფიქრის მსხვერპლნი გახდნენ.
  • კიდევ უფრო გამკაცრდება დეველოპერების წვდომა პერსონალურ მონაცემებზე. თუ მომხმარებელს ბოლო 3 თვის განმავლობაში აპლიკაცია არ გამოუყენებია, მის შემქმნელებს პირად ინფორმაციასთან წვდომა შეეზღუდებათ. პერსონალურ მონაცემების მოსათხოვად, დეველოპერებს სპეციალურ კონტრაქტზე ხელის მოწერა მოუწევთ. ცვლილებები რამდენიმე დღეში ამოქმედდება.
  • მომავალ თვეში ნიუსფიდში, გამოსაჩენ ადგილას გამოჩნდება მარტივი ხელსაწყო იმისთვის, რომ სხვადასხვა აპლიკაციისთვის მიცემულ უფლებებს გადახედოთ და სურვილსამებრ შეცვალოთ ისინი. ამჟამად ამის გაკეთება პარამეტრებიდან შეიძლება, თუმცა პოსტების ველში მოთავსება, წესით, საქმეს კიდევ უფრო გაგიადვილებთ.

"მე შევქმენი ფეისბუქი და, საბოლოოდ, მაინც მე ვარ პასუხისმგებელი მის მომავალზე. მზად ვარ, მომხმარებლების დასაცავად ყველა ზომა მივიღო. მართალია, მსგავსი შემთხვევა მომავალში ვეღარ განმეორდება, მაგრამ ეს წარსულს არ ცვლის. ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რა არის საჭირო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მზად ვართ, ყველა ნაბიჯი გადავდგათ ამისთვის.

მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი მისიის გჯერათ და გვეხმარებით Facebook-ის შენებაში. ვიცი, რომ ამ საკითხების მოგვარებას უფრო დიდი ხანი დასჭირდება, ვიდრე ჩვენ გვინდა, მაგრამ გპირდებით, რომ ამ სირთულეებსაც გადავლახავთ და უკეთეს მომსახურებას შემოგთავაზებთ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე თემაზე: