ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ახალი ქართული სამეცნიერო ფანტასტიკის, In Her Image, პრემიერა შედგება.

ფილმის რეჟისორი ნიკა ქევხიშვილია, მთავარ როლებს კი ია სუხიტაშვილი, ზაალ ჩიკობავა და ლუკა ახვლედიანი ასრულებენ.

კინოსურათის მთავარი პერსონაჟი მაიაა [ია სუხიტაშვილი], რომელიც სამეცნიერო სფეროში მუშაობს და ძალიან უნდა შვილი ჰყავდეს. სწორედ ამიტომ, ის და მისი უახლოესი მეგობარი ზურა [ზაალ ჩიქობავა] გადაწყვეტენ შექმნან ვირტუალური ბავშვი, რაც საბოლოოდ მაიას რეალობის აღქმას აკარგვინებს. საბოლოოდ, სამეცნიერო ექსპერიმენტის ამბავს კომპანიის მფლობელებიც იგებენ და გადაწყვეტენ, რომ პროგრამა გაანადგურონ, რასაც ია სუხიტაშვილის პერსონაჟის დიდი წინააღმდეგობა მოსდევს. საბოლოოდ კი გზები არარეალურსა და რეალურს შორის ირევა და ყველაფერი დიდი კატასტროფისკენ მიდის.

"ის, რაც ყველაზე მეტად მომეწონა სცენარის განხილვისას, იყო ის, რომ შევეხებოდი იმ ჟანრს რომელიც ძლიან მომწონს და მიყვარს და რაშიც დიდი გამოცდილება არ მქონია სამეცნიერო ფანტასტიკა-მისტიკა. თანაც ძალიან ადამიანურ ინსტიქტებზე აწყობილი ამბავი დედა-შვილზე. ფილმში არის ძალიან ბევრი ემოციური სცენა, ძალიან იმოქმედა იმანაც, რომ ჩემს შვილის როლს ფილმში, ჩემი ნამდვილი შვილი, ლუკა თამაშობს. იმდენად საინტერესო იყო ამ ფილმზე მუშაობა, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი რომ დამავიწყდეს, ეს ფილმი ყოველთვის მემახსოვრება თავისი უჩვეულო სეგრძნებების გამო", - უთხრა On.ge-ს ია სუხიტაშვილმა.