რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღეს, 19 მარტს ტელევიზიის შენობასთან მომხდარ ინციდენტს სისხლის სამართლის დანაშაული უწოდა და თქვა, რომ ქართული ძალა სისტემატიურად სჩადის მსგავს სისხლის სამართლის დანაშაულს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიის ეთიკის საბჭომ გიორგი გაბუნიას საყვედური გამოუცხადა, ჟურნალისტის გამოთქმული მოსაზრება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში:

"მას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიცია, ბოდიში მოიხადოს ან ა.შ. დღეს, რუსთავი 2-ის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზიებული იყო ე.წ. ქართული მარშის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს არც ქრისტიანულს ან ქვეყნის ინტერესების დამცველ ძალას. ესაა მოძალადე რუსული ორიეტნაციის და იქიდანვე დაფინანსებული ძალა".

რუსთავი 2-ის ოფისის ეზოში შენობასთან შეკრებილმა ნეო-ნაცისტური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრებმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს სცემეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ჟურნალისტს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ დათო კაკულიას.

აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გაბუნიას და შენობაში შესვლის შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ მისცეს.

ნიკა გვარამია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკავოს ყველა დამნაშავე. ასევე, მოუწოდებს დიპლომატებსა და პოლიტიკურ ძალებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ხალხს:

"ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშწორების რისკის წინაშე, რუსეთიდან მართული და დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი რაც თქვენს ძალებში შედის, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური თავისუფლება. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, არამხოლოდ ჟურნალისტ გიორგი გაბუნაიზე, რუსთავი 2-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედება, მათი თმიდან ერთი ღერის ჩამოვარდნაზე, მთლიანად ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად, ქართული მარშის 6 წევრია დაკავებული.