რელიგიური გრძნობების შელახვის გამო ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ საყვედური მიიღო. ამის შესახებ რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 18 მარტს გადაცემა კურიერი P.S.-ში, იესო ქრისტეზე გიორგი გაბუნიას მიერ გამოთქმული მოსაზრებებით, მორწმუნეების რელიგიური გრძნობები შეილახა. დარღვევა არხის ეთიკის კომისიამ დაადგინა. გვარამია ამბობს, რომ მსგავსი ქმედებებისგან ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მორწმუნეს ვისი გრძნობებიც შეილახა. თუმცა ეს ადამიანები არ განიხილებიან მორწმუნეებად, არც ერთი მოძალადე არ განიხილება მორწმუნედ. ყველას შევახსენებთ, რომ იესო ქრისტე არ არის მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრება.

მიუხედავად იმისა, რაზეც ვისაუბრეთ, გიორგი გაბუნიას განცხადება სრულად ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში".

დაახლოებით ერთი საათის წინ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მანქანას ძალადობრივი დაჯგუფების ქართული მარშის წევრებმა ალყა შემოარტყეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მარშმა გაბუნიას შენობაში შესვლის შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ მისცა.