რუსთავი 2-ის ოფისის ეზოში შენობასთან შეკრებილმა ნეო-ნაცისტური დაჯგუფების, ქართული მარშის წევრებმა, რუსთავი 2-ის ჟურნალისტს დავით ერაძეს სცემეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში On.ge-ს განუცხადეს, რომ ჟურნალისტს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტ დათო კაკულიას.

აქციის მონაწილეებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და არხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი გაბუნიას და შენობაში შესვლის შესაძლებლობა, დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში არ მისცეს.

საპატრულო პოლიციამ 3 პირი დააკავა.

ნეო-ნაცისტური ქართული მარშის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სანდრო ბრეგაძეს მიაჩნია, რომ გიორგი გაბუნიამ მათ "რელიგიურ გრძნობებს" შეურაცხყოფა მიაყენა, როცა 18 მარტს გადაცემა P.S.-ში იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას სამაუწყებლო კომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია 18 საათზე გააკეთებს.