ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ბოდიშს უხდის ძალადობის მსხვერპლ ყველა ქალს, რომელთაც იფიქრეს, რომ მათ საკუთარ მეგობრებზე წინ არ დააყენებდა. პატარაიას თქმით, მან შესაძლოა, სათანადოდ ვერ გამოხატა სათქმელი, თუმცა ყოველთვის ჩაგრულის მხარეს იქნება და დაგმობს ძალადობას:

"გუშინ შევხვდი იმ ქალებს, რომლებიც ზვიად დევდარიანს ძალადობაში ადანაშაულობენ. სრულიად განადგურებული ვარ იმით, რაც მოვისმინე: ზოგიერთ შემთხვევა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და სექსუალური შევიწროებაა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაული. ძალადობის ბევრი მსხვერპლი მინახავს და ჩემთვის ძალიან ნაცნობია მათი ტანჯვა, სირცხვილი, ცრემლები."

მე პატივს ვცემ ყველა ადამიანის სექსუალურ თავისუფლებას, მაგრამ ქალების შევიწროებას და ძალადობას ვერ შევეგუები

ბაია პატარაია

პატარაია წერს, რომ ის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ ზვიად დევდარიანს იცნობდა, როგორც "ქალებში მოტანტალე კაცს, რომელიც ყველა მეორე გოგოს ეტორღიალება". მისივე თქმით, მან არ იცოდა, რომ დევდარიანი ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ ძალაუფლებას და რიგ შემთხვევაში ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ძალადობდა ქალებზე.

ბაია პატარაიას თქმით, ქალებმა საკუთარი შევიწროების ამბები მხოლოდ ორი დღის წინ, ქალთა მოძრაობის ჯგუფში მოყვნენ. მისივე თქმით, მსხვერპლი ქალები დევდარიანის შესაძლო კარიერულმა წინსვლამ აალაპარაკა.

პატარაიას განცხადებით, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ასარჩევ კონრუსს იმიტომ გამოეთიშა, რომ დაემტკიცებინა, აღნიშნული კონკურსი კავშირში არაა ქალების მიერ ზვიად დევდარიანის მხილებასთან.

გვეყო მოძალადე კაცები მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობებზე

ბაია პატარაია

"სამწუხაროდ, დღეს ძალიან ბევრი მოძალადე კაცია თანამდებობის პირი, იმედია ყველას გამოააშკარავებენ ქალები. მანამდე კი ქალთა მოძრაობის ბრძოლა სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლებს. ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ მზადდება საჩივრები “საფარის”, საიას და PHR-ის დახმარებით. ქალებო, ამოიღეთ ხმა, თქვენ არა ხართ მარტო!" - წერს ბაია პატარაია.

არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ხელმძღვანელი ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობამ 10-მდე ქალის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. დევდარიანი, რომელიც საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატი იყო, ბრალდებებს უარყოფს.