ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევით, 2014 წელს ევროპაში დამსაქმებელმა შშმ პირების 33,6 პროცენტი დაასაქმა, საქართველოში - 4,8 პროცენტი. საქართველომ შშმ პირების ხელშეწყობის ვალდებულება 2013 წელს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის (UNCPRD) რატიფიცირებით აიღო.

კვლევის სხვა მიგნებები:

  • სახელმწიფოს არ აქვს შშმ პირების შესახებ სრულყოფილი სტატისტიკური მონაცემები;
  • 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში სულ აღრიცხულია 100 113 შშმ პირი, მაშინ, როდესაც 2015 წლის პირველი მარტის მდგომარეობით სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ რეგისტრირებულია 118 651 მხოლოდ სოციალური დახმარების მიმღები შშმ პირი, ხოლო 2017 წელს – 125 104;
  • საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში 5 172 შშმ ბავშვია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წელს რეგისტრირებულია დაახლოებით ორჯერ მეტი - 10 052 სოციალური დახმარების მიმღები შშმ ბავშვი;
  • 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96 102 პირიდან დასაქმებული იყო 34,4% (33 027 პირი);
  • დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების 86,2 პროცენტი თვითდასაქმებული იყო, დანარჩენ მოსახლეობაში კი - 53,6 პროცენტი;
  • ქალაქ თბილისის მერიის და რაიონული გამგეობების მიერ, ხშირ შემთხვევაში, ვერ ხერხდება შშმ პირთათვის ინფრასტრუქტურის ადაპტირებაზე გაწეული ხარჯების პროექტის მთლიანი ხარჯებისგან განცალკევებით აღრიცხვა;
  • 2017 წელს მნიშვნელოვანად გაიზარდა შშმ პირებისთვის მართვის მოწმობებისა და სცნობი ნიშნების გაცემის სტატისტიკა.