ქართველი მორაგბეები დინამო არენაზე რუმინეთს ხვდებიან. მატჩის დაწყებამდე, ჰიმნის შესრულების დროს, მოედანზე ბორჯღალოსნები მაისურებით გამოვიდნენ, რომელზეც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გვარი ეწერათ.

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის 22 თებერვალს, ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს.

ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა ცხინვალში, იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს აკისრებს.

ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოში ამ დრომდე არ ჩამოუსვენებიათ.