საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2018 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც 33 საარჩევნო უბანია გახსნილი.

"საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მასობრივად გახდა მოსკოვის უკანონო, იძულებითი პასპორტიზაციის მსხვერპლი, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მსგავსი ქმედებებით რუსეთი უგულებელყოფს გაეროს წესდებას, ჰელსინკის დასკვნით აქტს და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, რომლებიც "ძირს უთხრის" სამართალსა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგს.

რუსეთში დღეს, 18 მარტს პრეზიდენტს ირჩევენ. გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა, საარჩევნო უბნები გახსნილია ანექსირებულ ყირიმშიც.

გაიგეთ მეტი: