1971 წელს სარა იუნგკრანცი 12 წლის იყო და მას ორად-ორი სურვილი ჰქონდა: სახლიდან გაქცეულიყო და ცნობილი მსახიობი გამხდარიყო. ამავე წლის აპრილში მან ასტრიდ ლინდგრენს წერილი მისწერა და სთხოვა, ფილმ "თეთრ ქვაში" როლის მიღებაში დახმარებოდა. ცნობილი მწერალი გაოგნებული დარჩა პატარა გოგოს თავხედობით და მას მკაცრი, მაგრამ სამართლიანი წერილი გაუგზავნა. უარით გაბრაზებულმა სარამ ასტრიდის ნაწერი ნაკუწებად აქცია და ტუალეტში ჩარეცხა. მოგვიანებით კი ეს საქციელი ინანა და საყვარელ მწერალს მოუბოდიშა. ასე დაიწყო სარასა და ასტრიდის მეგობრობა, რომელიც 31 წელი გაგრძელდა.

დიდმა მწერალმა და უმცროსმა მკითხველმა 1971 წლიდან 2002 წლამდე 80 წერილი გაცვალეს. ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ეს ნაწერები არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა. წერილებში საბავშვო ლიტერატურის ბებია სარას მუდმივად ამხნევებს, რჩევას აძლევს და პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარება, თანაც ამ ყველაფერს უკიდურესად "ასტრიდულად" აკეთებს, მორალის კითხვისა და დატუქსვების გარეშე. მაგალითად, სარას ფულად ჯილდოს ჰპირდება, თუ ის 21 წლამდე არ მოწევს სიგარეტს, მერე კი დანაპირებსაც ასრულებს და ახალგაზრდა მეგობარს ჩეკს უგზავნის.

განა ეს იმაზე მეტი არაა, ვიდრე ნებისმიერ პატარა გოგოს შეუძლია ითხოვოს ცხოვრებისგან?

რაც უფრო იზრდება სარა, მისი პრობლემებიც მძიმდება და მიმოწერაც უფრო აქტიური ხდება. ასტრიდი და სარა ერთმანეთს მწერლის სიცოცხლის ბოლომდე სწერდნენ, თუმცა ერთმანეთი არასდროს უნახავთ.

რა შემთხვევაში უნდა წაიკითხოთ ეს წიგნი:

  • თუ ზოგადად გიჟდებით მიმოწერების კითხვაზე, იქნება ეს გოეთე და ეკერმანი თუ ოსტერი და კუტზე;
  • თუ ასტრიდ ლინდგრენს ბავშვობის მერეც მიბრუნებიხართ და თავიდან აღფრთოვანებულხართ მისი სიმარტივითა და გენიალურობით;
  • თუ თინეიჯერი ხართ და, სარას მსგავსად, თქვენც ვერ უგებთ მშობლებს;
  • თუ გინატრიათ უფროსი მეგობარი, რომელიც აგიხსნიდათ, რატომ არის ცხოვრება ისეთი, როგორიც არის;
  • თუ ასტრიდის ყველა წიგნი გაქვთ წაკითხული და უბრალოდ, არ გყოფნით.

ლეიბის ქვეშ შენახული წერილების მეშვეობით, ასტრიდის ლიტერატურულ ხმას კიდევ ერთხელ მოისმენთ და გაიხსენებთ, როგორ ოცნებობდით მაჭკატებზე, გუფთიან კოშკებზე, პეპისთან ერთად სკოლაში სიარულზე და ხუტორ კატჰულტში მოხვედრაზე.

თუ კიდევ უფრო მეტი არგუმენტი გჭირდებათ ამ წიგნის წასაკითხად, აუცილებლად მოუსმინეთ ქეთი დევდარიანს, ლაშა ბუღაძესა და ნენე კვინიკაძეს, რომლებიც ასტრიდისა და სარას არაჩვეულებრივ ისტორიაზე საუბრობენ.

შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავდი ქართულად ინტელექტმა გამოსცა.