ნატოს ოფიციალურ ვებსაიტზე ვარშავის სამიტზე მიღებული კომუნიკე გამოქვეყნდა, რომელშიც წერია, რომ ალიანსი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება:

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს გადაწყვეტილებას, არ გამოიყენოს ძალა და მოვუწოდებთ რუსეთს იმავეს გაკეთებისკენ. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება. ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საზღვრების აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვა ადმისტრაციული საზღვრის გასწვრივ და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან. ნატო არ აღიარებს აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2014 წელს მიღწეულ ე.წ. მოლაპარაკებებს, ამავე ტიპის 2015 წლის მოლაპარაკებას სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის. აღნიშნული მოლაპარაკებები არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგებიან საერთაშორისო სამართლის და ეუთოს პრინციპებს, ასევე რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. ჩვენ მოვუწოდებთ ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს, შეასრულო კონსტრუქციული როლი, ასევე განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა ეუთოსთან, ევროკავშირთან და გაეროსთან იმისთვის, რომ მიაღწიოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას საერთშორისო დონეზე აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე".

კომუნიკეში ასევე საუბარია, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გახდეს. გარდა ამისა, დოკუმენტში ალიანსი საქართველოს ავღანეთის ნატოს მისიაში ჩართულობასთვის მადლობას უხდის.

დოკუმენტში საუბარია, რომ ნატოსა და საქართველოს შორის შედგა მოლაპარაკება, რომლის თანახმადაც, გაიზრდება ძალისხმევა საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის გაძლიერებისათვის, ასევე ნატოს სწავლებებისა და სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის. გარდა ამისა, ალიანსი იმუშავებს საქართველოს საჰაერო და შავი ზღვის თავდაცვისა და უსაფრთოხების გაზრდისთვისაც.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ალიანსი მიესალმება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. გარდა ამისა, ნატო ამბობს, რომ საქართველოს ალიანსთან ურთიერთობა შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მისი წევრი გახდეს.