თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ნეფარიძე, რომელიც ქრთამის აღებასა და გამოძალვაშია ბრალდებული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შანტაჟში ადანაშაულებს. ნეფარიძის ადვოკატის ედიშერ ქაჩარავას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სუსი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრება და აღიარებით ჩვენებას თხოვს.

რუსთავი 2-თან მიცემულ ინტერვიუში, ქაჩარავა ამბობს, რომ ძალოვანი უწყების მხრიდან შანტაჟის გამო ნეფარიძემ თვითმკვლელობა სცადა. ბრალდებულის შვილის განცხადებით, უწყება ემუქრება მას და მის ოჯახსაც.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ნეფარიძის ბრალდების საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის ბრალდებულების პირადი ცხოვრების ამსახველი რაიმე ვიდეო ან ფოტო მასალა არ არსებობს. საქმის პროკურორის ბექა ეჟიშვილის თქმით, ნეფარიძის საქმეში არის მისი სამუშაო კაბინეტიდან აღებული ჩანაწერი, რომელიც სასამართლო განჩინების საფუძველზე დამონტაჟდა და რომელშიც ჩანს როგორ იღებს ნეფარიძე ქრთამს.