დავით გარეჯის კომპლექსი ევროპა ნოსტრას "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" ფინალისტებს შორის მოხვდა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის ფინალისტები კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა დაასახელა.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტების სია ასე გამოიყურება:

  1. დავით გარეჯი (საქართველო)
  2. პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში (ალბანეთი)
  3. ვენის ისტორიული ცენტრი (ავსტრია)
  4. ბუზლუჟას მონუმენტი (ბულგარეთი)
  5. კონსტანტას კაზინო (რუმინეთი)
  6. პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები (თურქეთი)
  7. გრიმსბის ყინულის ქარხანა( გაერთიანებული სამეფო)

"განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის" მიზანია ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ძალთა მობილიზაცია, განსაკუთრებული მნიშვნელობის ძეგლებზე სარეაბილიტაციო ქმედებების დასაჩქარებლად. ევროპა ნოსტრა უზრუნველყოფს შერჩეული 7 ძეგლისთვის, ადგილზე, ვიზიტის საფუძველზე, დეტალური საექსპერტო რეკომენდაციებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას. ნომინაცია, ასევე იძლევა საშუალებას ევროპისა და საერთაშორისო მასშტაბით ფონდების მოძიებისათვის, როგორც კერძო, ასევე, საჯარო დაფინანსების წყაროების გამოყენებით.

საბოლოო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ფინალური ნუსხის გამოქვეყნებამდე, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა 16 იანვარს, 12 ძეგლის წინასწარი ნუსხა გამოაქვეყნა, სადაც დავით გარეჯთთან ერთად, ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზებიც მოხვდა. ნუსხა, ევროპა ნოსტრას ექსპერტთა ჯგუფმა, ამ ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების გამორჩეული კულტურული ღირებულებისა და მათ წინაშე მდგარი საფრთხის საფუძველზე შეადგინა. მნიშვნელოვან კრიტერიუმად იყო მიჩნეული მათ გადარჩენაში ადგილობრივი თემების, საჯარო და კერძო დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ასევე, აღნიშნული ძეგლების პოტენციალი - იქცნენ მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კატალიზატორად.