აფხაზეთის დე-დაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრი, ლეონიდ ძაპშბა, რომელიც თანამდებობიდან დროებით გადააყენეს, გამოძიების დასრულების შემდეგ შესაძლოა თავის პოსტს დაუბრუნდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Tass ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ძაპშბას ბრალი ედება მუქარაში, რომლითაც მან თავისი ოჯახის წევრები და ნათესავები გააფრთხილა, რომ თუ საპრეზიდენტო რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებდნენ, შესაბამის ზომებს მიმართავდა.

ადგილობრივი პროკურორის განცხადებით, გამოძიება 16 ივლისს დასრულდება. როგორც ხაჯიმბა ამბობს, ზემოაღნიშნული ბრალის დადასტურების შემთხვრევაში ძაპშბას წინააღმდეგ შესაბამის ზომებს მიიღებენ, ხოლო თუ ის უდანაშაულო აღმოჩნდება, მინისტრი სამუშაო პროცესს დაუბრუნდება.

რამდენიმე დღის წინ სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც რაულ ხაჯიმბას მიერ 10 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბას გადაყენებას ითხოვდნენ.

შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ძაპშბა თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლა, რეფერენდუმის თარიღის შეცვლაზე კი უარი განაცხადა. ხაჯიმბამ განმარტა, რომ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოსახლეობის გასაერთიანებლად მიიღეს.

რაულ ხაჯიმბა: თუ ხალხი ჩემს გადაყენებას გადაწყვეტს, მე დავტოვებ თანამდებობას