უნიჭიერესი ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი ამჯერად თავად აღმოჩნდა რესპონდენტის სავარძელში.

კვირას, 11 მარტს, მან დაქს შეპარდის პოდკასტში Armchair Expert თავის რთულ წარსულზე ისაუბრა.

ელენმა გაიხსენა 90-იანი წლები, როცა ის დამწყები კომიკოსი იყო და ბევრი ისაუბრა სირთულეებზე, რომელთა გადატანაც ორიენტაციის გამხელის შემდეგ მოუწია.

როცა მისი შეყვარებული ავარიაში ტრაგიკულად დაიღუპა

მასთან ერთად ვცხოვრობდი და როდესაც დაიღუპა, ჩვენი საცხოვრებლის ქირის გადახდა აღარ შემეძლო. ასე რომ, პატარა სარდაფი ვიქირავე და რწყილებიან ლეიბზე მეძინა. ჰოდა ვფიქროდი - რატომ წავიდა ეს ლამაზი 21 წლის გოგო მაშინ, როცა რწყილები ისევ აქ არიან? კარგი იქნებოდა, თუ ღმერთთან დარეკვას და ჩემს კითხვებზე პასუხების მიღებას შევძლებდი.

მარტოსულობა კომიკოსის კარიერის დასაწყისში

ელენ დეჯენერესი 1989 წელს.

ფოტო: One Night Stand / IMDB

საკუთარი თავის მეტი არავინ მყავდა. არც კერძო თვითმფრინავებით გადააადგილების საშუალება მქონდა. ბილეთებს ვყიდულობდი და ხან რომელი თვითმფრინავით დავფრინავდი, ხან რომლით. მძულს ფრენა და საოცრად ვღელავდი ყოველ ჯერზე, როცა სხვაგან გამგზავრება მიწევდა. ერთი სული მქონდა, როდის შეწყდებოდა გაუთავებელი ტურნეები.

როგორ დაუხურეს შოუ ქამინგ აუთის შემდეგ

შოუ შეწყდა, რადგან საჯაროდ ვთქვი, რომ ლესბოსელი ვარ. ეს გრძელი ამბავია, მაგრამ ხელმძღვანელებს არ უნდოდათ, რომ ჩემს ორიენტაციაზე მესაუბრა. მე ვეუბნებოდი: "ეს ჩემი ცხოვრებაა, აღარ შემიძლია ტყუილში ცხოვრება. მინდა, რომ ჩემი სატელევიზიო პერსონაც დაქამინგაუთდეს. ახლა ამისი დროა. დავკარგავ კარიერას, მაგრამ თუ ჩემი შოუ აღარ იქნება, ახალ შოუს გავაკეთებ". საბოლოოდ დამთანხმდნენ ქამინგაუთზე და შემდეგი გადაცემა საოცარად წარმატებული გამოდგა, ყველა ზეიმობდა. შემდეგ კი, მოულოდნელად აღარ დამაფინანსეს, რადგან შეეშინდათ.

როგორ გააკრიტიკა ელტონ ჯონმა

ამ დროის განმავლობაში, ყველა ჩემზე წერდა და უამრავი ადამიანი დაიღალა ჩემი ისტორიების მოსმენით. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ სამი ინტერვიუ მქონდა - Time-თან, ოპრასთან და დაიან სოიერთან, - ჩემზე ახალ-ახალ ამბებს წერდნენ. ელტონ ჯონმა საჯაროდ მომიწოდა "დროა მოკეტო, გავიგეთ, რომ გეი ხარ, დაუბრუნდი ხალხის გაცინებას". მას არასდროს შევხვედრივარ და ვფიქრობდი, "ნუთუ მხარდაჭერას არ ვიმსახურებ ადამიანისგან, რომელიც თავადაც გეია?"

როდესაც დაცინვის ობიექტი გახდა

ყველა იგონებდა, რომ ჩემს ორიენტაციაზე საუბრის შეწყვეტა არ მსურდა. ეს კი ძალიან გულსატკენი იყო. ყველა შოუში ჩემზე იცინოდნენ. დეპრესიაში ვიყავი ამის გამო და თან შოუც აღარ მიმყავდა. ისეთი იმიჯი მქონდა, რომ თითქოს უბრალოდ წარუმატებელი ადამიანი ვიყავი. არავის უნდოდა ჩემთან მოახლოება, არ მყავდა პიარ-აგენტები და არ მქონდა სამსახურთან დაკავშირებული არც ერთი შემოთავაზება.

და როდესაც ლგბტ თემმა ზურგი შეაქცია

ზოგი ამბობდა, არ ხარ საკმარისად ლესბოსელი და ჩვენი საზოგადოებისთვის საკმარისს არ აკეთებო. მე არ მითქვამს, რომ ვინმეს ლიდერი ვიყავი და ვიღაცაზე მეტის გაკეთება მინდოდა. უბრალოდ მსურდა, ვყოფილიყავი კომიკოსი და ისე მოხდა, რომ გეიც ვიყავი. რა თქმა უნდა, ყველა გეის მხარდაჭერა მინდოდა და შეიძლება კარგად არ გამომივიდა. ასე მგონია, რომ თუ მთელი თემის სახე არ ვარ, იმითაც საკმარისს ვაკეთებ, რომ უბრალოდ ვჩანვარ და ვიღაც ჩემს დანახვაზე იტყვის: აი, ღიად გეი ადამიანი, რომელსაც თავისი საქმე გამოსდის. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული იყო.