ბირჟა მაფიის წევრმა, გიორგი ქებურიამ პროკურატურისგან მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ქებურიას ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) იცავს.

GDI-ს მიაჩნია, რომ პროკურატურამ გიორგი ქებურიას უნდა აუნაზღაუროს ზიანი, ჯამში 36 920 ლარის ოდენობით:

"გარდა ზიანის ანაზღაურებისა, აღნიშნული სამართლწარმოება ხელს შეუწყობს სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას პასუხისმგებლობის ზრდას."

რეპერი გიორგი ქებურია თავის კოლეგასთან, მიშკა მგალობლიშვილთან ერთად, 2017 წლის 7 ივნისს ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, რომელშიც პოლიციელი გააშარჟეს. 18 დეკემბერს, პროკურატურამ როგორც გიორგი ქებურიას, ასევე, მიშკა მგალობლიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და განმარტა, რომ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნა მოპოვებული.