თბილისის მერია აცხადებს, რომ 10 აპრილის შემდეგ მოქალაქეებს პარკირების საფასურის ხელმეორედ გადახდა არ მოუწევთ.

2018 წლის 10 აპრილამდე, პარკირების საფასური სითი პარკის ანგარიშზე გადაირიცხება. ხოლო, გადახდილი საფასური 10 აპრილის შემდეგ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ანგარიშში აისახება.

2018 წლის 10 აპრილის შემდეგ პარკირების საფასურს მოქალაქეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადაიხდიან, რის შესახებაც მათ წინასწარ აცნობებენ.

2018 წლის 10 აპრილამდე სამართალდარღვევებზე, ჯარიმას კვლავ სითი პარკი გამოწერს, რომლის გადახდაც სავალდებულო იქნება და განხორციელდება საჯარიმო ქვითარზე მითითებულ ანგარიშზე. 10 აპრილიდან კანონდამრღვევებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დააჯარიმებას.

დაკისრებული ჯარიმის გასაჩივრება 10 აპრილამდე კომპანია სითი პარკის მეშვეობით იქნება შესაძლებელი, 10 აპრილიდან კი - თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, როგორც აქამდე, სანქცია 10-დან 150 ლარამდე გაიზრდება.

პარკირების წესების დარღვევის გამო ევაკუირებული ავტომანქანა 10 აპრილამდე დარჩენილ პერიოდში, კომპანია სითი პარკის მიერ აქამდე დაგეგმილ ლოკაციებზე იქნება. 10 აპრილის შემდეგ, ევაკუაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია წინასწარ გაცხადებულ ლოკაციებზე განახორციელებს.

მერია განმარტავს, რომ კომპანია სითი პარკთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა პარკირების საფასურის ან საჯარიმო სანქციების ოდენობის ცვლილებას არ იწვევს.