საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სილქნეტს ჯეოსელის 100 პროცენტიანი წილის ყიდვის უფლება მისცა. ამის შესახებ გადაწყვეტილება კომისიამ დღეს, 13 მარტს მიიღო.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულის კომისიის პრესსამსახურში აღნიშნავენ, სილქნეტის მიერ ჯეოსელის ყიდვის შემთხვევაში შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს, კომისიამ კომპანიას "მთელი რიგი ვალდებულებები დააკისრა".

"მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომისიამ მხარეებს დავალა, რომ ნებისმიერ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც აბონენტების პირობებს შეცვლის, მომხმარებლებს ერთი თვით ადრე და ინდივიდუალურად უნდა აცნობონ. ცვლილებების შესახებ კომპანიებმა ასევე ერთი თვით ადრე უნდა შეატყობინონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რათა უწყებას საკითხის შესწავლისა და რეაგირებისთვის გონივრული ვადა ჰქონდეს", - აღნიშნავენ კომისიაში.

სილქნეტმა ჯეოსელის ყიდვაზე განცხადება 26 იანვარს გაავრცელა. სილქნეტის ინფორმაციით, ჯეოსელი 153 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.