სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს, თამაზ მეჭიაურს - აღმოფხვრას მერის წარმომადგენლებისა და სპეციალისტების მიმართ არსებული მძიმე სამუშაო პირობები და დროულად მოამარაგოს ისინი შეშით.

სახალხო დამცველმა თიანეთის მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

ომბუდსმენის განცხადებით, თიანეთში ადმინისტრაციულ ერთეულებში მომუშავე თანამშრომლები 2017 წლის ნოემბრიდან არ მომარაგებულან შეშით, ვინაიდან, მოქმედი მერი მათ განსხვავებული პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებად აღიქვამს:

"ეს გარემოება თანამშრომლებს მძიმე პირობებში აყენებს და ხელს უშლის სამუშაოს ჯეროვნად შესრულებაში".

სახალხო დამცველის განცხადებით, ადმინისტრაციულ ცენტრებში დასაქმებულმა თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ღუმელების გასათბობად შეშა სახლებიდან მოაქვთ.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 ნოემბრის შემდეგ მოპასუხე მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა შეესწავლა მისი წარმომადგენლების სამუშაო პირობები და მიეღო ყველა აუცილებელი ზომა ღირსეული და ადეკვატური შრომის პირობების შესაქმნელად.

სახალხო დამცველმა სკეპტიკურად შეაფასა მოპასუხის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ 2017 წლის 9 იანვარს ხელშეკრულება გაფორმდა შეშით მომარაგების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 20 თებერვლისა ყველა ადმინისტრაციული ერთეული მომარაგდება.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, მერის მიერ გადადგმული ნაბიჯები ვერ პასუხობს დროითი ეფექტურობის გონივრულ სტანდარტს და საფრთხის ქვეშ აყენებს დასაქმებულთა ჯანმრთელობას.