რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ რუსეთის მხარე ცდილობს, გაემიჯნოს ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს და გამოთქვამს მხოლოდ მწუხარებას.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია არა ზოგადი კომენტარები, არამედ კონკრეტული ნაბიჯი და ოჯახისთავის ცხედრის დაუყოვნებლივ გადაცემა. რუსეთის მხარე თავს ვერ აარიდებს ვერანაირად პასუხისმგებლობას ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით", - განაცხადა აბაშიძემ.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატთან დაკავშირებით საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ მომავალ რაუნდზე, მრავალი წლის მანძილზე, რუსეთთან არსებული ჩიხური მდგომარეობიდან გამოსვლას შეძლებენ.

რამდენიმე დღის წინ კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას განცხადებით მიმართა. მისი თქმით, ქართული მხარე დაინტერესებულია რეალურ პროგრეს მიაღწიონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პროცესში. ასევე, მზადაა პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან. ამ თვალსაზრისით, პრემიერი მიესალმება რუსეთის კონსტრუქციულ მიდგომასაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის სურვილს ორმხრივი დიალოგის შესახებ მიესალმებიან.