საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველი, ზაზა შათირიშვილი ამბობს, რომ არ იცნობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს, არ იცის მაუწყებელზე აუდიტის დასკვნა და არც მაუწყებელთა ქცევის კოდექსს გაცნობია. ამის შესახებ შათირიშვილმა საკონკურსო კომისიასთან საუბრისას განცხადა.

როგორც გასაუბრებაზე გაირკვა, შათირიშვილმა არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა იცის. მას ჰგონია, რომ წელს მაუწყებელი 40 მილიონს ხარჯავს, თუმცა ეს თანხა 52 მილიონია.

გარდა ამისა, შათირიშვილს არ აქვს ინფორმაცია, როდის შემუშავდა მაუწყებლის ის პრიორიტეტების გეგმა, რომლითაც ახლა ტელევიზიები და რადიო მუშაობს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტების გეგმა 2016 წელს დამტკიცდა მას შემდეგ კი, სამეურვეო საბჭო ამ დოკუმენტს ვადას უხანგრძლევბს.

საკონკურსო კომისიის წევრის, მამუკა ანდღულაძის კითხვაზე - ვინ იღებს მაუწყებელის პროგრამულ პრიორიტეტებს - ასე უპასუხა:

"პრინციპში, მე მგონია, რომ ერთ-ერთი, ვინც რაღაცნაირად ეს პროგრამული პრიორიტეტები უნდა დააწესოს არის სამეურვეო საბჭო."

ზაზა შათირიშვილი 2013 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, პარალელურად კი ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს - გიორგი მარგველაშვილს საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა. ამის შესახებ შათირიშვილმა გასაუბრებაზეც ისაუბრა.

ევროპული საქართველოს წევრმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელებს, ასევე ქართული ოცნების PR-სა და პოსტ ტვ-ის დამფუძნებელს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე საუბრობდნენ.