რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტერეზა მეის განცხადებას "ბრიტანეთის პარლამენტში საცირკო წარმოდგენა" უწოდა.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის მკვლელობის მცდელობაში, სავარაუდოდ, რუსეთი მონაწილეობდა. პრემიერის თქმით, ორივე რუსეთში დამზადებული ნივთიერებით მოწამლეს.

ზახაროვას განმარტებით, სანამ "ზღაპრებს შეთხზავენ", მანამდე სჯობს სამეფოს ტერიტორიაზე ლიტვინენკოს, ბერეზოვსკისა და სხვა მრავალის ამოუცნობი გარდაცვალების შესახებ გაჩენილ კითხვებს გასცენ პასუხი.

სკრიპალისა და მისი შვილის მოწამვლა

რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი, იულია 4 მარტს ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალეპტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ასახელებს თუ კონკრეტულად რა ნივთიერებაზეა საუბარი. ამ ნივთიერების ნარჩენებს მიაკვლიეს რესტორან Zizi-ში და ერთ-ერთ პაბში, სადაც შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე სკრიპალი და მისი შვილი იმყოფებოდა.

სკრიპალი და მისი შვილი ამ დრომდე კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩებიან. შედარებით მსუბუქია იმ პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პირველად მიუახლოვდა სკრიპალს, თუმცა პოლიციელი უკვე გონზე მოვიდა.