"აზერბაიჯანში ვიზიტი ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული მოვლენაა, გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორია", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის კანცელარიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელობაზე, სავაჭრო ბრუნვაზე და ინვესტიციებზე ისაუბრეს.

"დარწმუნებული ვარ, ჩვენს შორის არსებული ეს თბილი ურთიერთობები მომავალშიც მოემსახურება ჩვენი ხალხების კეთილდღეობას", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ილჰამ ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის თანამშომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს ამყარებს ქვეყნებს შორის "მეგობრობა და ძმობა".

პრესსამსახური არ ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე განიხილეს თუ არა შეხვედრაზე აფგან მუხთარლის საქართველოს ტერიტორიიდან გატაცების საკითხი.

თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარებული ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელიც მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა, ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.

აფგან მუხთარლი თავის გატაცებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აკისრებს და მიაჩნია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის და საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გახდა.

აზერბაიჯანის ხელისუფლების ინფორმაციით, ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთასა და კორუფციაში ედება ბრალი.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.