გენდერულად განსხვავებული ხელფასები ყველა ინდუსტრიაში არსებობს, სწორედ ამიტომ ვარსკვლავებმა, რომელთაც მეტი ასპარეზი აქვთ ამ საკითხის წამოსაწევად, ხმამაღლა დაიწყეს უთანასწორობაზე საუბარი.

ერთ-ერთი ასეთი ოსკაროსანი მსახიობი, სიუზან სარანდონია, რომელმაც BBC-თან საუბრისას 1998 წელი და ფილმ Twilight-ზე მუშაობის პერიოდი გაიხსენა.

სარანდონი ყვება, რომ ფილმში მომუშავე კაც მსახიობებს ერთნაირი ანაზღაურება მისცეს, ხოლო სარანდონს მათზე დაბალი. ხოლო როდესაც პოლ ნიუმანმა ეს ამბავი გაიგო, მან საკუთარი ხელფასის ნაწილი სარანდონს მისცა, რათა მათი შემოსავალი თანაბარი გამხდარიყო.

"ნიუმანი მოვიდა და მითხრა, ჩემი ხელფასის ნაწილს მოგცემ", - იხსენებს სარანდონი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოპულარული და ტიტულოვანი ქალი მსახიობი მსგავს ამბავს ყვება. მაგალითად ოსკარის მფლობელმა ემა სტოუნმა გასულ წელს თქვა, რომ ანაზღაურების გასათანაბრებლად მისმა კოლეგა მსახიობმა კაცებმა საკუთარი ჰონორარი გაუნაწილეს.

"ჩემი კოლეგები ამას საკუთარი ნებით აკეთებდნენ რადგან ხვდებოდნენ, რომ მათი საქციელი სწორი და სამართლიანი იქნებოდა. ამაზე უკვე ყველა თანხმდება, უსამართლოა როდესაც ქალს იმაზე ნაკლებს უხდიან ვიდრე კაც მსახიობს, მაგრამ არაუშავს, უკვე ყველა ამბობს რომ თანაბარი ანაზღაურება - აი, რა არის სამართლიანი", - აბბობდა ემა სტოუნი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქალმა მსახიობებმა ჰოლივუდს სექსიზმში დასდეს ბრალი. სია დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავლისმომცველი ხდება. როგორც ჩანს, ჰოლივუდმა თამაშის წესებს უნდა გადახედოს, რადგან ქალი მსახიობები ასე გაგრძელებას აღარ აპირებენ.

ერთ-ერთი პირველი ვინც ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრა პატრისია არკეტი იყო, რომელმაც ამ თემაზე ოსკარით ხელში პირდაპირ დოლბის თეატრის სცენიდან ისაუბრა.

"ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ხელფასების თანასწორობის დროა", - თქვა მან, აუდიტორიაში კი მის სიტყვებს მერილ სტრიპი და ჯენიფერ ლოპესი ტაშით შეხვდნენ.

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია:

სექსიზმი და გენდერული უთანასწორობა - პრობლემა, რომელიც ჰოლივუდშიც კი არსებობს