Hulu-მ ცოტა ხნის წინ ემისა და ოქროს გლობუსის მფლობელი სერიალის The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონის გამოსვლა დააანონსა. როგორც ცნობილი გახდა, მხევლის წიგნი ახალი სეზონით ეკრანებზე 2018 წლის 25 აპრილს დაბრუნდება.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა პირველი კადრები სერიალის ახალი სეზონიდან, შემდეგ კი მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა The Handmaid's Tale-ის მეორე სეზონის პირველი ტიზერიც.

ახლა კი უკვე შეგვიძლია ვნახოთ ახალი, ძალიან ემოციური კადრები მარგარეტ ეტვუდის რომანის ეკრანიზაციიდან.

გარდა ამისა, გამოვიდა სერიალის მეორე სეზონის პირველი ოფიციალური პოსტერიც:

მხევლის წიგნში დისტოპიური სამყაროა აღწერილი: ამერიკის შეერთებული შტატები აღარ არსებობს, ძალაუფლება მთლიანად რელიგიური მამაკაცების ხელში აღმოჩნდა და დამყარდა ქრისტიანობის სახელით შენიღბული დიქტატურა.

რელიგიური მოტივებით, ქალებს წაერთვათ საკუთრების ფლობისა და საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება. ახლა ქალები კასტებად არიან დაყოფილნი და მთლიანად კაცებისა და ქვეყნის საჭიროებებს ემსახურებიან.

ეტვუდის რომანი ერთგვარი წინასწარმეტყველებაა, მომავალი, რომელიც შესაძლოა დადგეს, თუ რელიგიურ ფანატიზმს თავიანთი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენებენ, ხოლო რელიგიას საშიშ იარაღად აქცევენ.

რაც მთავარია, წიგნი ერთ თავზარდამცემ სიმართლესაც გვიმხელს, ეტვუდი სარკეში გვახედებს და გვეუბნება, რომ თუ დიდხანს დავხუჭავთ თვალს ძალადობაზე, თუ ჩავთვლით, რომ ახალ ამბებში მოსმენილი და ნანახი ყოველი შემთხვევა ჩვენ არ გვეხება, ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გავიღვიძებთ სამყაროში, რომელიც ძალიან არ მოგვეწონება, მაგრამ უკვე აღარავინ იქნება დარჩენილი, ვისაც ეს ააღელვებს.