"საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული სიკვდილი და სამხრეთ ოსეთში ორი სხვა ქართველის დაკავება, სამწუხარო შეხსენებაა იმ საფასურისა, რომელსაც ამ კონფლიქტით ვიხდით", - ამის შესახებ, ბრიუსელში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა მედიასთან განაცხადა.

"შეხვედრისას დავარწმუნე პრეზიდენტი, რომ ევროკავშირი კონფლიქტის მოგვარების ერთგული რჩება და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - თქვა დონალდ ტუსკმა.

მისივე თქმით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის ერთ-ერთი ლიდერია:

"მივესალმები საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა უზრუნველყოს, უვიზო მიმოსვლის სათანადო ფუნქციონირება".