ნაციონალურმა მოძრაობამ სამეურვეო საბჭოს წევრები პარლამენტში დაიბარა. დღევანდელ შეხვედრაზე არავინ გამოცხადდა.

პარტიის წევრის, რომან გოცირიძის თქმით, შეხვედრაზე უნდა განეხილათ საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული პრობლემები. კერძოდ, აუდიტის სამსახურის დასკვნა, ფინანსური მდგომარეობა და მაუწყებლის მართვაში არსებული პრობლემები. მისი თქმით, სხდომაზე არ მისვლით საბჭომ კანონი დაარღვია.

"ჩვენი ვალდებულება არის წელიწადში ერთხელ ანგარიში წარმოვუდგინოთ კოლეგიალურ ორგანოს, პარლამენტს და არა პოლიტიკურ პარტიებს. იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელია პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა სახის ზეწოლისგან", - ასე პასუხობს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებს

როგორც რომან გოცირიძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელს მოთხოვნა რეგლამენტის 94-ე მუხლზე დაყრდნობით გაუგზავნეს.

რეგლამენტის ამ მუხლის თანახმად, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზეც პარლამენტმა გასცა თანხმობა, მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს ფრაქციის სხდომას, პასუხი გასცეს კითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

როგორც გრიგოლ გოგელიამ On.ge-ს უთხრა, რეგლამენტის ეს ნაწილი, მათ შეხვედრაზე გამოცხადებას არ ავალდებულებდა:

"სხდომაზე მიგვიწვიეს, კანონი მიგვითითეს, თუმცა ჩვენ გავუგზავნეთ წერილი ფრაქციას და მივუთითეთ კანონი. ჩვენ ვამბობთ, რომ თანამდებობის პირები არ ვართ, კანონმდებლობის შესაბამისად, პარლამენტში გამოცხადება მხოლოდ ერთხელ გვევალება."