თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების კონცეფციის პროექტს სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს.

"ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ ამას ყურადღება თბილისშიც აუცილებლად უნდა დაეთმოს. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების საშუალებით, დედაქალაქის გარეუბნები განვითარდება.

სერგი გვარჯალაძე ბოლო რამდენიმე წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. ბოლოს ევროვიზიის მიმართულებას ხელმძღვანელობდა, მანამდე კი, მაშინდელი გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მოადგილე იყო.