ნეონაცისტური დაჯგუფების ქართული მარშის ე.წ სახალხო პატრული უკვე 10 დღეა თბილისისს ქუჩებში მოძრაობს. პატრულირების დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქართული მარშის მხრიდან საპოლიციო საქმიანობაში ჩარევა უხეშ დარღვევად შეფასდებოდა და სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება მოყვებოდა.

პატრულირების დაწყების On.ge-მ შსს-ს მიაწოდა ინფორმაცია და დაინტერესდა რა რეაგირება მოახდინა უწყებამ. ამ კითხვაზე სამინისტროში ასე პასუხობენ:

"ქართული მარშის მიერ თბილისის ქუჩებში ე.წ. "პატრულირების" ფაქტს არ ვადასტურებთ. "პატრულირების" არც ერთი ფაქტი პოლიციას არ დაუფიქსირებია და აღნიშნულის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არავის მოუმართავს. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ვინმეს მხრიდან რაიმე სახის საპოლიციო საქმიანობის განხორციელების ნებისმიერი მცდელობა შეფასდება უხეშ კანონდარღვევად და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოყვება მკაცრი რეაგირება."

5 მარტს ქართული მარშის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ On.ge-სთან საუბარში 10 დღიანი პატრულირება შეაფასა. მისი თქმით, აღმოაჩინეს სხვადასხვა სახის დარღვევები.