იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 6 მარტის მთავრობის სხდომის შემდეგ უვიზო მიმოსვლის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, თავშესაფრის მიღება საფუძვლიანი იქნება იმ დევნილისთვის, რომლებიც პოლიტიკური ან სხვა მიზეზით იდევნებიან. იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა მიესალმება თუკი ევროპის ქვეყნები უარს ეტყვიან საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მიცემაზე:

"ყოვლად უსაფუძვლოა იმის მტკიცება, რომ სხვა ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქემ ეძიოს თავშესაფარი, თუ ეკონომიკური სიდუხჭირის გამო ტოვებს ჩვენს ქვეყანას, ეს არ არის საფუძველი თავშესაფრის მოპოვებისა".

უვიზო მიმოსვლის პრობლემებზე პრემიერმა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, სადაც იუსტიციის მინისტრმა გვარის შეცვლისთვის ახალი რეგულაციების დაწესებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გვარის შეცვლის პროცედურის გამკაცრება იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ კომპლექსური გეგმისა, რომელიც ვიზის გარეშე მიმოსვლის შეჩერების რისკის პრევენციას ითვალისწინებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური სამინიტროს წარმომადგენლების საქართველოში დღეს სტუმრობენ. შს მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდის გამო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებას გამოთქვამს. მინისტრის თქმით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი არ განიხილება.