ევროპული საქართველოს წევრი, ოთო კახიძე ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის არჩევასთან დაკავშირებით ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

"ეს ფიგურა [ვასილ მაღლაფერიძე] სამეურვეო საბჭოს მხრიდან კონტროლს ექვემდებარება. მას არ აქვს უფლება სამეურვეო საბჭოს წევრები შეარჩიოს", - განაცხადა კახიძემ.

მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ლობირებს იმ კანდიდატის გაყვანას, რომელის ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს.

"ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია, რომ ესა თუ ის პირი მაღალ თანამდებობაზე განმწესდეს. ეს ნათლად გაჩვენებს როგორ ხდება გადაწყვეტილებების ფორმირება ამ ქვეყანაში და რა პირებს არჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ევროპული საქართველოს წევრმა, თამარ კაკაბაძემ რუსთავი 2-ს უამბო, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, ქართული ოცნების PR-სა და კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელები და პოსტ ტვ-ის დამფუძნებელი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ზაზა შათირიშვილის გაყვანაზე საუბრობდნენ.

ამავე თემაზე: ოპოზიცია: GPB-ზე სასაუბროდ მაუწყებლის, ოცნების PR-ისა და GNCC-ის ხელმძღვანელები შეხვდნენ