საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება. სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.

უწყების განცხადებით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.

საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგებში მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) სტატისტიკით, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა.

საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად პრევენციულ ზომებს შემოიღებენ, მათ შორის ისეთს, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაეკისრება. ასევე, დაგეგმილია გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

გაიგეთ მეტი: