2018 წლის ოსკარის დაჯილდოება ჯიმი კიმელმა შესავალი სიტყვით გახსნა. მის სიტყვაში იუმორისტი განვლილი წლის ყველაზე აქტუალურ თემებს შეეხო და ტრადიციული ხუმრობის სტილით ქალების სექსუალური შევიწროების ფაქტები, ჰარვი ვაინშტაინის სკანდალი და დონალდ ტრამპის პოლიტიკური მოღვაწეობა შეაფასა.

ჯიმი კიმელმა ოსკარის 90-ე დაჯილდოება ჰოლივუდში მომხდარი სკანდალური შემთხვევების გახსენებით დაიწყო და თავის სტილში, იუმორისტულად გადმოსცა სათქმელი. მის შესავალ სიტყვაში იუმორისტი ზომიერად შეეხო ტრამპსა და ჰარვი ვაინშტაინს, თავად ოსკარი კი 90 წლის მოხუცს შეადარა, რომელიც სახლში მოკალათებულა და Fox News-ს უყურებს. 90 წლის კაცში კი, კიმელმა, ტრამპის ამომრჩევლები იგულისხმა.

"დღეს ძალიან განსაკუთრებული დღეა. ჩვენი მეგობარი ოსკარი 90 წლის გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა სახლშია მოკალათებული და Fox News-ს უყურებს. ამდენი წლის შემდეგ, შოუ ბიზნესში მიღწეული წარმატებებისთვის ამდენი გაცემული ჯილდოების შემდეგ, ოსკარი კვლავ პირველია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ოსკარი ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი მამაკაცია ჰოლივუდში და ამას თავისი პოზიტიური მიზეზები აქვს. უბრალოდ შეხედეთ მას, ხელები ისე უჭირავს, რომ მისი დანახვა შეძლოთ. არასდროს ამბობს უხეშ სიტყვებს. და რაც ყველაზე მთავარია, პენისი საერთოდ არ აქვს. სწორედ ოსკარის მსგავსი კაცები გვჭირდება ლოს ანჯელესში უფრო მეტი.

ის რაც ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებით მოხდა, ის რაც ამ ამბებს მოყვა, ძალიან დაგვიანებული იყო. ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ მსგავსი ამაზრზენი საქციელი ვინმეს კიდევ შერჩეს. მთელი მსოფლიო ჩვენ შემოგვყურებს, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითები სხვებისთვის. სიმართლე კი ისაა, რომ თუკი ჩვენ აქ მივაღწევთ წარმატებას, თუ შევძლებთ ერთად მუშაობას სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების დასამარცხებლად, თუკი ამას შევძლებთ, ეს ნიშნავს, რომ ქალებს მოუწევთ სექსუალურ შევიწროებასთან გამკლავება ყველა სხვა ადგილას".

ჯიმი კიმელმა შესავალი სიტყვის მიწურულს გილერმო დელ ტოროს, Shape of Water-ის რეჟისორს, მადლობა გადაუხადა:

"გილერმო დელ ტოროს წყალობით, ჩვენ სამუდამოდ გვემახსოვრება ეს პერიოდი ისეთ წელიწადად, როცა მამაკაცები იმდენად სამარცხვინოები იყვნენ, რომ ქალმა რომანტიკული ურთიერთობა თევზთან გააბა".

ამავე თემაზე: