თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის მცდელობისათვის ბრალდებულ თბილისის საკრებულოს წევრ თემურ გორგაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობა შეუფარდა.

თემურ გორგაძეს ბრალად ედება თაღლითობის მცდელობა, ე.ი. სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა მოტყუებით.

საქმის მასალების თანახმად, 2018 წლის თებერვალში, თემურ გორგაძე შეხვდა ორ პირს, რომელთაც სურდათ ნარკოდანაშაულისათვის ბრალდებული მათი ახლობლისათვის კანონით გათვალისწინებული შეღავათის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა.

ბრალდებულმა ერთ-ერთი მათგანი მოატყუა და დაპირდა, რომ მისთვის 7 000 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, შეწყალების კომისია მათ ახლობელს შეიწყალებდა. მომდევნო შეხვედრისას, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა მოთხოვნილი თანხის პირველ ნაწილს 3 500 აშშ დოლარის ოდენობით, რის შედეგადაც ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა იგი დააკავეს.

დღეს, 2 მარტის სხდომაზე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

საქალაქო სასამართლოს ცნობით, საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2018 წლის 19 აპრილს, 13 საათზე.