რამდენიმე კვირის წინ, ლოს-ანჯელესში, 20th Century Fox-ის სტუდიის მიმდებარე ქუჩებზე მსახიობ მერილ სტრიპისა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტაინის პოსტერები გამოჩნდა, რომელზეც სამი ოსკარის მფლობელ სტრიპს თვალებზე წარწერა აქვს - "მან იცოდა".

პოსტერის ავტორები სტრიპს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან ვაინშტეინის მხრიდან ქალებზე ძალადობის ყველა ფაქტი იცოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არასდროს ლაპარაკობდა.

მაშინ მედია ალაპარაკდა, რომ ამ ამბის ინსპირაცია როუზ მაკგოვანისა და მერილ სტრიპის დაპირისპირება გახდა.

თუმცა მალევე გახდა ცნობილი, რომ პოსტერების გაკვრისთვის ანონიმ არტისტებს შეძლებული კონსერვატორები აფინანსებდნენ და თითო განხორციელებული მისიისთვის $5 ათასიდან $20 ათასამდე უხდიდნენ.

როგორც თავად არტისტები ყვებიან, მათი და დამფინანსებლებიც იდეაც, იმ შიშის ჩვენება იყო, რაც ლიბერალურ ჰოლივუდში კონსერვატორ ადამიანებს აქვთ და ზურგის შექცევისა და გარიყვის შიშით ჩუმად არიან, საკუთარ მოსაზრებებს კი ხმამაღლა არასდროს აჟღერებენ.

სტრიპის გარდა, არტისტებმა სტივენ სპილბერგის ახალი ფილმის The Post პოსტერიც გამოიყენეს, რომელზეც ამჯერად, მერილის გარდა, ტომ ჰენქსიცაა გამოსახული. მასზე ძველ წარწერას, სადაც სტრიპი ამბობს - "მე ვიცოდი", ჰენქსი პასუხობს - "ჩვენ ყველამ ვიცოდით".

მათგან ერთ-ერთმა არტისტმა, სახელად Sabo, ოსკარამდე რამდენიმე დღით ადრე რეჟისორ მარტინ მაკდონაჰის ფილმის Three Billboards Outside Ebbing, Missouri სიუჟეტი გამოიყენა და ლოს-ანჯელესში პროვოკაციული შინაარსის სამი ბილბორდი გააკრა.

სამ ბილბორდზე შემდეგი ტექსტებია გამოყენებული:

"უდიდეს პედოფილიაში ოსკარი გადაეცემა..."

"ყველამ ვიცოდით და ისევ არავის აკავებენ"

"თქვით მათი სახელები სცენიდან ან გაჩუმდით!"

როგორც არტისტი ამბობს, სამი ბილბორდის გამოყენების მიზეზი იმ ადამიანთა კრიტიკაა, რომლებიც სექსუალური ძალადობის ფაქტებზე თვალებს ხუჭავდნენ და დუმილს ამჯობინებდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაკდონაჰის ფილმი Three Billboards Outside Ebbing, Missouri რეალურ ცხოვრებაში გადმოდის და პროტესტის სიმბოლო გახდა.

რამდენიმე კვირის წინ აქტივისტებმა ლონდოში ფილმის ყველაზე ცნობილი ეპიზოდი გააცოცხლეს და სამი ბილბორდის დახმარებით მთავრობას იმ ხანძრის გამოძიება კიდევ ერთხელ მოსთხოვეს, რომელიც გასული წლის ივნისსში, გრენფილ თაუერში გაჩნდა და 71 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, ფილმი შთაგონების წყარო გახდა ფლორიდის მოქალაქეებისთვისაც. რამდენიმე დღის წინ საშუალო სკოლაში შეიარაღებული თავდასხმისას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მოქალაქეებმა ფილმის დახმარებით ფლორიდის სენატორ მარკო რობის მესიჯი გაუგზავნეს და მას იარაღზე კონტროლის დაწესება მოსთხოვეს.

ოსკარის რიგით 90-ე ცერემონია 4 მარტს გაიმართება.