ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების თაობაზე, საპარლამენტო უმრავლესობამ რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის გამო პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი მოითხოვს, ოჯახისთვის ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესვლას.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და უყრის კენჭს.

ტატუნაშვილის საქმე

22 თებერვალს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ოსური მხარის ვერსიით, არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა და მისი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს ამბობს. გარდაცვლილის ცხედარი ოკუპირებულ ცხინვალს 24 თებერვალს უნდა გადმოესვენა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლებამ პოზიცია შეცვალა.

ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე. სუს-ის ცნობით, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკვე ცხინვალისი ციხიდან ახალგორის ციხეში გადაიყვანეს. ოსური მხარე მათ გათავისუფლებაზე უარს ამბობს.

ამავე თემაზე: კაპანაძე ტატუნაშვილის დაღუპვის შემდეგ: შევქმნათ ე.წ ოთხოზორიას სია და დავაწესოთ სანქციები