პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ მოსამართლე ირაკლი შავაძის სამოსამართლო საქმიანობაში ჩარევასთან დაკავშირებული განცხადებებით საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ შავაძეს შეხვდა და ამ საკითხზე ესაუბრა. კოჟორიძის განმარტებით, მოსამართლის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მიღების მიზნით, კონსტიტუციური პრინციპისა და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევაა.

"ახლა საკითხია რა რეაგირება ექნება შესაბამის ორგანოებს ამ საკითხზე. მხოლოდ ის, რომ დღეს ამ საკითხზე იუსტიციის საბჭო იმსჯელებს ვერ იქნება საკმარისი პასუხი, რადგან რაზეც მოსამართლე შავაძე საუბრობს, შეიცავს დანაშაული ნიშნებს".

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ირაკლი შავაძემ ამავე სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი მასზე ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა. შავაძემ არ გამორიცხა, რომ საბჭოს მხრიდან, მისთვის უვადოდ გამწესებაზე უარი მამისეიშვილის გავლენებს უკავშირდება.