ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარის, პატრიოტთა ალიანსის წევრის, ზაზა ჩაჩანიძის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, ბორჯომის ნაციონალური მოძრაობის წევრებისგან გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

ბორჯომის საკრებულოს ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კვირკველიამ აქციის მონაწილეებს მიმართა და აღნიშნა, რომ ქალაქში მიმდინარე პროცესები ნაციონალური მოძრაობის წევრების პროვოკაციის შედეგია. ის აქციის წევრებთან ერთად სკანდირებდა - ბორჯომი ნაციონალების გარეშე.

"ეს ადამიანი არის ბორჯომში შემოპარული და მას უნდა გააცოცხლოს ნაციონალური მოძრაობა ბორჯომში, ამას ბორჯომლები არ დავუშვებთ. მკვლელობა, ცოცხების დრო, ჩადების დრო დამთავრდა ერთხელ და სამუდამოდ და ბორჯომლებმა ბევრჯერ ვუთხარით უარი ნაციონალურ მოძრაობას და კიდევ ერთხელ ვუთხრათ."

აქციაზე იმყოფება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომელი, რომელიც მიიჩნევს რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები ბორჯომის შიდა სამზარეულოში არ უნდა ერეოდნენ:

"ბორჯომი ერთხელ და სამუდამოდ განთავისუფლდეს ნაციონალური მოძრაობისგან, არ არის ბორჯომი ის ქალაქი, რომ ნიკა მელიამ და სერგო რატიანი ჩამოვიდნენ და აქ გვირჩიონ საქმე. შიდა სამზარეულოში არ უნდა ჩარეულიყვნენ. მოიტანეს აჟიოტაჟი შეხლა-შემოხლა."

ბორჯომში გამართულ აქციაზე საკრებულოს და მერიის თანამშრომლები საშტატო ნუსხის შემცირებისა და ხელფასების საკითხს აპროტესტებდნენ. აქციას ესწრებოდა ბორჯომის მერიც. მისი თქმით, თანახმაა გაზრდილ ხელფასზე უარი თქვას, თუ საკრებულო სხვა თანამშრომლების საშტატო ნუსხას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ ლიპარტია On.ge-ს ესაუბრა.

28 თებერვალს ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მერიის თანამშრომლები და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციური პარტიების წევრებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საშტატო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე არ დაამტკიცეს და არც ხელფასების ზრდას დაუჭირეს მხარი.

დილიდან ბორჯომის საკრებულოსთან პატრულია მობილიზებული. შენობაში არ უშვებდნენ საკრებულოს წევრებს და თანამშრომლებს.