შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომის საკრებულოში ჩხუბის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

უწყების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის საკრებულოს შენობასა და მასში შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას დაცვის პოლიცია იცავდა.

ფიზიკური დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში

დღეს, 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოში საშტატო ნუსხასა და მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატების საკითხს განიხილავდნენ.

ბორჯომის მერიის თანამშრომლები და საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრები უმრავლესობაში მყოფ ოპოზიციური პარტიების წევრებს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც საშტატო ნუსხა საკრებულოს სხდომაზე არ დაამტკიცეს და არც ხელფასების ზრდას დაუჭირეს მხარი.

კიდევ ერთი ჩხუბი მოჰყვა საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას გამოჩენას. მას მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი სავარძლებით ჩახერგეს, ზაზა ჩაჩანიძე, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წევრია და ხელფასების მატებას ეწინააღმდეგება, კაბინეტში გამოკეტეს.

დღის ბოლოს 17-მა დეპუტატმა სხდომა გამართა და 13 ხმით 3-ის წინააღმდეგ ხელფასების გაზრდის საკითხი დაამტკიცა. სხდომას ჩაჩანიძის ნაცვლად მისი მოადგილე, გიორგი გოგიჩიშვილი უძღვებოდა.

გამოცემის თქმით, სხდომის შემდეგ მერიის თანამშრომლებმა კაბინეტის შესასვლელი გაათავისუფლეს.