თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე ქრთამის აღების ბრალდებით, საკრებულოს წევრის დაკავებას გამოეხმაურა და დღეს, 28 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ყველა კანონდამრღვევი უმკაცრესად აგებს პასუხს, სტატუსის თუ პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად:

"დღევანდელი ფაქტი კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა", - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე და აცხადებს, რომ მკაცრი მიდგომები ექნებათ იმ თანაგუნდელების მიმართ, ვინც არაკეთილსინდისიერი ქმედებებით "ჩრდილს მიაყენებს" საკრებულოს საქმიანობას.

"ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ცალსახად არაფერს ვამტკიცებთ, მაგრამ ეს თავისთავად ძალიან ცუდი ფაქტია", - ამბობს გიორგი ტყემალაძე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, თემურ გორგაძე დააკავეს.

სუს-ს ინფორმაციით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს, მისი ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა $7 000.