Apsnypress-ის ინფორმაციით, სოხუმში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც რაულ ხაჯიმბას მიერ 10 ივლისს დანიშნული რეფერენდუმის შემოდგომაზე გადატანასა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ლეონიდ ძაპშბას გადაყენებას ითხოვდნენ. შედეგად, დე-ფაქტო ხელისუფლების პრეზიდენტმა ძაპშბა თანამდებობიდან დროებით გაათავისუფლა, რეფერენდუმის თარიღის შეცვლაზე კი, რომელიც აფხაზეთის დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების ვადამდე ჩატარებას ეხება, კატეგორიული უარი განაცხადა, თუმცა განმარტა:

"თუ ჩვენი ხალხი ჩემს გადაყენებას გადაწყვეტს, მე მივიღებ ამას. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდება, ბოლომდე ვიბრძოლებ ყველა იმ ნეგატიური საკითხის წინააღმდეგ, რომელიც სახელმწიფოში არსებობს. და მე ვერავინ შემაშინებს!".

ხაჯიმბამ ასევე განმარტა, რომ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მოსახლეობის გასაერთიანებლად მიიღეს, იმისთვის, რომ შექმნილიყო პირობები დე-ფაქტო ქვეყნის ლიდერის უფლება-მოვალეობებისათვის სამომავლო პირობების შესაქმნელად.

Ekhokavkaza-ს ცნობით, რეფერენდუმის საწინააღმდეგო მიტინგი სოხუმში გუშინ დაიწყო. ღამით, სროლის შედეგად ხაჯიმბას დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი 2 პირთან ერთად ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ 2 თანამშრომელი კი, რომლებიც სოხუმში არეულობის მოსაგვარებლად გამოიძახეს, გზაში ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

დე-ფაქტო ხელისუფლების უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მუჰამედ კილბამ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები აბსურდულია, რადგან რეფერენდუმის ჩატარებას თვითონ მოსახლეობა ითხოვდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ მთავარი პრეტენზია კი მდგომარეობს იმაში, რომ ის ყველას, ვინც რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს, თანამდებობიდან გაშვებით დაემუქრა. კილბას თქმით, ძაპშბას ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მომიტინგეები პროტესტისთვის სხვა მიზეზს გამონახავდნენ.

მისი განმარტებით, ოპოზიციის მიზანია დე-ფაქტო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზება და სახელმწიფოებრიობის განადგურება, რისთვისაც ისინი ყოველთვის კრიზისულ სიტუაციას შექმნიან.

როგორც ადგილობრივმა მთავარმა პროკურორმა, ალექსეი ლომიამ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შტურმის აღების მცდელობისას, რომელშიც მიტინგის 700 მონაწილიდან 60-მდე იღებდა მონაწილეობას, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებიც გამოიყენეს. საბოლოოდ, მომხდარის შედეგად, დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს 19-მა თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო, რომელთაგან 9 საავადმყოფოში იმყოფება.