ლოს-ანჯელესის ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამიერიდან ყოველი წლის 27 თებერვალს Coco-ს დღე აღინიშნება.

ქალაქის მასშტაბით დღეს რამდენიმე ღონისძიენა გამართება, რომელსაც ფილმის პროდიუსერი დარლა ანდერსონი და ენტონი გონსალესი დაესწრებიან. მთელი დღის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში მუსიკალური კონკურსიც ჩატარდება, სადაც ბენდები ანიმაციური ფილმის საუნდტრეკებს იმღერებენ.

Coco 12 წლის მიგელის ამბავს გვიყვება, რომელსაც მუსიკა სიგიჟემდე უყვარს. მისი კუმირი ლეგენდარული მექსიკელი გიტარისტი ერნესტო დე ლა კრუზია. მას შემდეგ რაც მიგელი ერნესტოს გიტარას შეეხება, ის მკვდრების ქალაქში მოხვდება, სწორედ აქ იწყება თავგადასავალი.

Coco ახალი ისტორიაა, რომელიც, ბოლო წლებში, სტუდიის გულშემაკტივრებისთვის ფუფუნებად იქცა. უნიკალური და ორიგინალური სცენარებით განთქმული პიქსარის ფანები ხშირად სინანულით აღნიშნავენ, რომ სტუდია ზედმეტად ბევრ დროს უთმობს სიქველების გადაღებას, რაც, ზოგჯერ, მათი ფილმების ხარისხზე მოქმედებს.

პიქსარის უკანასკნელი ექვსი ფილმიდან სამი - მანქანები 2, მონსტრების უნივერსიტეტი და დორის ძიებაში - წინა, სუპერ-პოპულარული ფილმების გაგრძელება იყო.

შემქმნელების თქმით, ფილმის შთაგონების წყარო მექსიკური დღესასწაული "გარდაცვლილთა დღე" იყო. ეს დღე მექსიკაში მხიარულად აღინიშნება - ყოველ წელს, ჩონჩხებად გადაცმული ხალხი საცეკვაო მსვლელობას აწყობს, ოჯახებში კი, გარდაცვლილი მეგობრებისა და ნათესავების გასახსენებლად, მათი ფოტოებითა და ყვავილებით მორთულ საკურთხევლებს ამზადებენ.

Coco-ზე მუშაობა სტუდიაში 2012 წლიდან დაიწყო და გრაფიკის რამდენიმე ცვლილების შემდეგ, მისი პრემიერა 2017 წლის 22 ნოემბერს შედგა.