მომავალი ერთი წლის განმავლობაში სატელეფონო მომსახურებაზე გამოცხადებული ტენდერი შეწყვეტილია. შესაძლოა, სერიოზულ რისკები იყოს - ამ მიზეზით შეწყდა ტენდერი, რომელშიც მხოლოდ ბილაინი მონაწილებდა.

სახელმწიფო სატენდერო კომისიის განმარტებით, უწყვეტი და შეუფერხებელი საკომუნიკაციო მომსახურება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მიზანშეწონილია, სხვა, ალტერნატიული კომპანიაც არსებობდეს.

"კომუნიკაციების სფეროს სპეციფიურობიდან, მისი მაღალი მნიშვნელობიდან და უწყვეტი მომსახურების აუცილებლობიდან გამომდინარე, არსებულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ეტაპზე სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის საჭირო იყო ტენდერში ერთზე მეტი გამარჯვებული მიმწოდებლის არსებობა, რათა ერთ-ერთი მათგანის შეფერხების შემთხვევაში თავიდან ყოფილიყო აცილებული მომსახურების გარეშე დარჩენის რისკი", - აღნიშნა სატენდერო კომისიის თავმჯდომარემ, ილია ბეგიაშვილმა საკითხის განხილვისას.

კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან მიღებული წერილით ვერ იკვეთება ბილაინის ზოგადი ტექნიკური შესაძლებლობების სრული სურათი.

სატელეკომუნიკაციო მომსახურებებისთვის ტენდერი ახლიდან უნდა გამოცხადდეს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ბილაინი მსგავს ტენდერში მონაწილეობს და ვერ იმარჯვებს. გასულ წელსაც მხოლოდ ის მონაწილეობდა ტენდერში, თუმცა მაშინ მიიჩნიეს, რომ კომპანია მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მოგვიანებით კი, ტენდერი ახლიდან გამოცხადდა და მასში წინა წლების მსგავსად მაგთიმ და ჯეოსელმა გაიმარჯვეს.