გილერმო დელ ტოროს კინოსურათი, Shape of Water, თამამად შეიძლება ჩაითვალოს ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფილმად. ამას მოწმობს ისიც, რომ 2018 წლის ოსკარზე ის 13 ნომინაციით იქნება წარმოდგენილი.

თუ ფილმი უკვე ნახეთ, დარწმუნებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მის შესახებ ბევრი საინტერესო ისტორია გექნებათ წაკითხულიც და მოსმენილიც, ერთის გარდა - თქვენი აზრით აქვთ რაიმე კავშირი ერთმანეთთან HBO-ს სამეფო კარის თამაშებს და დელ ტოროს ფილმს?

როგორც გაირკვა, Shape of Water-სა და GOT-ს ერთი და იგივე სცენარისტი - ვანესა ტეილორი ჰყავდათ, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ორი პროექტი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირშია.

ვენესას HBO-ს საკულტო სერიალის რამდენიმე სერიის სცენარი ეკუთვნის და მისი აზრით, სწორედ ამიტომ დაურეკა გილერმო დელ ტორომ და სთხოვა "წყლის ფორმის" სცენარის შექმნაში თანამონაწილეობა.

"ის, რაც სამეფო კარის თამაშებში მიყვარს, მიყვარს ამ ფილმშიც. ორივე ერთი ჟანრის არის და წარმოაჩენს ადამიანის ბევრ მახასიათებელს, ორივე კოსტუმირებულია, ვითარდება წარსულში და დიდი ადგილი უჭირავთ უცხოელ პერსონაჟებს. ვფიქრობ, გილერმომ სწორედ იმიტომ დამირეკა, რომ GOT-ზე ვმუშაობდი, ეს მისთვის არასდროს მიკითხავს, მაგრამ ვფიქრობ ასეა. როდესაც მას [გილერმოს] შევხდი, გამაცნო მთელი ფაბულა, ზუსტად იცოდა რა სურდა და ამიხსნა, რომ სურდა ისეთი ფილმის გადაღება, სადაც ყველანაირი პერსონაჟი ერთად მოიყრიდა თავს. სიუჟეტი 1960-იან წლებში ვითარდება, როდესაც ამერიკული ოცნება ყველას არ ეხება, მაგალითად ჰომოსექსუალებსა და შავკანიანებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. პირველი შეხვედრის შემდეგ, გილერმომ მითხრა, რომ ჩვენ სწორედ ამ ადამიანების გადმოსახედიდან უნდა დავინახოთ ყველაფერი, ადამიანების, რომლებიც უმნიშვნელოვანესები არიან, მაგრამ ვიღაცამ გადაწყვიტა მათთვის არ მოესმინა. ჩემთვის ძალიან ამაღელვებელი იყო ორი მთავარი პერსონაჟი, რომლებიც ვერ საუბრობენ, თუმცა მათი სიყვარულის ისტორია ყველაზე გასაგები და დასამახსოვრებელია", - ამბობს ვანესა ტეილორი.