საქართველო მსოფლიოს 232 ქვეყნიდან, 69 700 კმ² ფართობით, 121-ე ადგილს იკავებს. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილი დღემდე თვლის, რომ სხვა ობიექტურ მიზეზებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მისი პატარა ფართობია.

რა თქმა უნდა, დიდი ტერიტორია და შესაბამისად გაცილებით მეტი ბუნებრივი რესურსი, ქვეყნის წარმატებასა და განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს, თუმცა ეს სულაც არაა ერთადერთი ფაქტორი.

დღეს კი სწორედ იმ ქვეყნებზე მოგიყვებით, რომლებიც საქართველოზე გაცილებით პატარა, მაგრამ ეკონომიკური განვითარებითა და ცხოვრების დონით, საკმაოდ წარმატებულები არიან.

1. ლიეტუვა - 65 300 კმ²

ფოტო: Oleg Voronische/shutterstock

ლიეტუვა ბალტიისპირეთის ყველაზე დიდი სახელმწიფოა თუმცა, მას საქართველოზე პატარა ფართობი აქვს. ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკაც $50 მილიარდს აჭარბებს, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 2007-2008 წლებში მომხდარ ფინანსურ კრიზისამდე კი ლიეტუვას ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ჰქონდა.

2. ლატვია - 64 589 კმ²

ფოტო: Olesya Kuznetsova/shutterstock

ლატვია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, თუმცა მისი ეკონომიკა, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ზღვაოსნობა და თევზჭერაა, საკმაოდ კარგად არის განვითარებული. აქ მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $16 620 შეადგენს, რაც საქართველოზე ხუთჯერ დიდი მაჩვენებელია.

3. დანია - 43 094 კმ²

ფოტო: S-F/shutterstock

დანია 1973 წლიდან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ქვეყანას განვითარებული საბაზრო ეკონომიკა აქვს და მთლიანი შიდა პროდუქტის მხრივ ერთ სულ მოსახლეოზე მე-16 ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, დანიაში ყველაზე თავისუფალი შრომითი ბაზარია შექმნილი.

4. ნიდერლანდები - 41 543 კმ²

ფოტო: Yasonya/shutterstock

სახელმწიფო ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში, რომლის ფართობიც სულ 41 543 კმ²-ს შეადგენს, მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა. ნიდერლანდების ეკონომიკა $800 მილიარდს აჭარბებს და მსოფლიოს მასშტაბით მე-12 ადგილზეა.

5. შვეიცარია - 41 284 კმ²

ფოტო: Mariia Golovianko/shutterstock

გარდა იმისა, რომ შვეიცარია საკმაოდ პატარა სახელმწიფოა, აღსანიშნავია ისიც, რომ მას ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია. ეს გარემოებები კი სულაც არ უშლის ხელს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახელმწიფო იყოს. შვეიცარიამ 1815 წელს მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.

6. ბელგია - 30 528 კმ²

ფოტო: Rudy Balasko/shutterstock

ბელგია ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფოა, მისი ეკონომიკა $500 მილიარდს აჭარბებს და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს ოცეულში შედის. ის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და გაეროს წევრი ქვეყანაა.

7. ალბანეთი - 28 748 კმ²

ფოტო: milosk50/shutterstock

28 748 კმ² ფართობის სახელმწიფოში, რომელიც ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ალბანეთის მთლიანი ეკონომიკა $32 მილიარდს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი $11,700-ს შეადგენს.

8. ისრაელი - 22 072 კმ²

ფოტო: Sean Pavone/shutterstock

ისრაელი სამხრეთ-დასავლეთ აზიაში მდებარეობს და საქართველოს დაახლოებით 3-ჯერ ჩამოუვარდება ფართობით. ამ პატარა ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში.

9. მალტა - 316 კმ²

ფოტო: Zoltan Gabor/shutterstock

მალტის ფართობი სულ 316 კმ²-ია, ამიტომ ის ჯუჯა სახელმწიფოდ ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ მალტის ეკონომიკა სულ $8 მილიარდს შეადგენს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით ის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

10. მონაკო - 1.95 კმ²

ფოტო: grutfrut/shutterstock

მონაკო ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სახელმწიფოა, მისი ფართობი სულ რაღაც 1.95 კმ²-ია. ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად ტურიზმზეა დამოკიდებული. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე $78 700-ია.