იერუსალიმში ქრისტეს საფლავის ტაძრის კარები პროტესტის ნიშნად ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დაიხურა. პროტესტი ეხება ისრაელის კანონმდებლობის ცვლილებას, რომლის თანახმადაც სახელმწიფოს უფლება აქვს ეკლესიას მიწის ნაკვეთები ჩამოართვას. ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს.

ქრისტეს საფლავის ტაძარი ქრისტიანებისთვის მთავარ სიწმინდედ მიიჩნევა. ყოველწლიურად ტაძარს ასი ათასობით ტურისტი და მომლოცველი სტუმრობს. 1900 წლიდან ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტაძრის კარები პოლიტიკური მიზეზით დაიხურა.

ტაძრის დაკეტვის შესახებ ერთობლივი განცხადება კათოლიკური და ბერძნულ-მართლმადიდებლური თემების წარმომადგენლებმა გააკეთეს, ასევე სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ.

განცხადება პრესკონფერენციის შემდეგ გავრცელდა. სამი ეკლესიის იერარქებმა კანონპროექტს "დისკრიმინაციული და რასისტული" უწოდეს.

"ეს საშინელი კანონპროექტია. თუ მას დააკმაყოფილებენ, ის ეკლესიის მიწების ჩამორთმევის უფლებას იძლევა. ეს ყველა მსგავს კანონპროექტს გვახსენებს, რომლებსაც ევროპულ ბნელს საუკენეებში ებრაელების წინააღმდეგ იღებდნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

კანონპროექტის მომხრეები ამბობენ, რომ მათი მიზანია ისრაელელები დაიცვან, ვინც ცხოვრობს ყოფილ საეკლესიო მიწებზე, რომლებიც დეველოპერულ კომპანიებს მიყიდეს.

თუმცა მღვდლების თქმით, ახალმა კანონმა, შესაძლოა, ეკლესიისთვის მიწების გაყიდვა გაართულოს, რაც რელიგიური ორგანიზაციების ძირითად შემოსავალს წარმოადგენს

ისინი, ასევე, ეკლესიის ფლობისთვის გადასახადების შემოღებას ეწინააღმდეგებიან. იერუსალიმის მერმა განაცხადა, რომ საგადასახადო კოდექსში ეკლესია გამონაკლისად დარჩება, თუმცა გადასახადები მათ ფლობაში არსებულ სასტუმროებსა და კომპანიებს შეეხებათ, რომლებიც რელიგიურ ფუნქციებს არ ასრულებენ.