შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თქვა, რომ გარემოებები რომლებიც სახელდება არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზად, ძალიან ბუნდოვანი და გაურკვეველია.

მინისტრი სოფელ წილკანში ჩავიდა და ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა:

"ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია ამ ოჯახისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ეწირება საოკუპაციო რეჟიმს. დღეს არსებული ინფორმაციით, ის რა თქმა უნდა უკანონოდ დააკავეს ახალგორში, გადაიყვანეს ცხინვალში, მის მიმართ ძალა გამოიყენეს".

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალგორში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული იყო საქართველოს ორი სხვა მოქალაქე და მათ გასათავისუფლებლად ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს ცხელი ხაზის მეშვეობით:

"ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვართ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და ეროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. ისინი ამ პროცესში რეგულარულად არიან ჩართულნი. ჩვენ ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რათა საქმე შესაბამისი მსვლელობა მიეცეს".

22 თებერვალს ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ოსური მხარის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილმა იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისთვის იარაღის წართმევა სცადა, საპასუხო ძალის გამოყენების შედეგად შეუძლოდ გახდა, კიბეებზე წაიქცა და მოგვიანებით საავადმყოფოში დაიღუპა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოსური მხარე აცხადებს, რომ ტატუნაშვილი ინფარქტით დაიღუპა და მისი ცხედრის ექსპერტიზაზე უარს ამბობს.