აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას საქართველოს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. კომისიის შემქნა საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივა იყო. მისი მომხრე 15, წინააღმდეგი კი - 22 დეპუტატი იყო.

საკითხს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ლობირებდა, რომლის თქმით, კომისიის შექმნას პოლიტიკური და საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, კომისიის შექმნა იქნება გზავნილი, რომ პარლამენტი კონტროლის ფუნქციას იღებს საკუთარ თავზე.

"ეს მუხთარლი, რომელიც ათას საშინელ განცხადებებს აკეთებს ჩემი ქვეყნის და ჩემი სახელმწიფოს წინააღმდეგ და მისი მეუღლე, რატომ უნდა ვენდო მე მის სიტყვებს და არ ვენდო ჩემს გამოძიებას, ჩემს კოლეგებს და რატომ უნდა გენდოთ თქვენ", - განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა.

უმრავლესობის სხვა წევრები კი მიიჩნევენ, რომ მიმდინარე გამოძიებას ჯერ არ ამოუწურავს თავისი დრო და რესურსი და შესაბამისად, საპარლამენტო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

მუხთარლი თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. მას ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ დრომდე საქართველოს საგამოძიებო უწყებებს მუხთარლის შესაძლო გატაცებაზე გამოძიების დეტალების შედეგები არ გაუვრცელებიათ. მიმდინარე გამოძიებას არაეფექტურად აფასებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.